25-ე გვერდი



ამბობენ, რომ განთქმულმა კინოპროდუსერმა დინო დე ლაურენტისმა, თავის ახალ პროექტში მონაწილეობისათვის რიდლი სკოტი მიიწვია, მაგრამ რეჟისორმა მას უარი განუცხადა. უარის მიზეზი კი ახალი ფილმის სცენარი იყო, ვინაიდან როდესაც სკოტმა დახედა სცენარის გარეკანს, განაცხადა, რომ ევროპას იგი უდიდესი სიამოვნებით ეწვევა, მაგრამ სპილოების გადაღების არანაირი სურვილი არ აქვს. საბოლოოდ პროდუსერმა მაინც დაითანხმა რეჟისორი და ახალი პროექტიც შედგა.
დაასახელეთ ჰოლივუდელი მსახიობი მამაკაცი, რომელმაც რიდლის სკოტის ამ ფილმში მთავარი პერსონაჟის როლი განასახიერა.



ცნობილი მწერლის სიტყვებს, თუ დავუჯერებთ, მას ისე დეტალურად აქვს აღწერილი თავის ნაწარმოებებში ეს ქალაქი, რომ სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება მისი ნაწარმოებების მიხედვით ქალაქის რეკონსტრუქცია. ენციკლოპედია Wikipedia-ს თანახმად კი, ეს არის ლიტერატურის დარგში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატის მშობლიური ქალაქი. არ გეკითხებით ამ მწერლის გვარს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.



ბრიტანელი ბერის, სახელად კედმონის, შუასაუკუნოვან მანუსკრიპტის ერთ–ერთ თავში მოყვანილია დიალოგი, რომლის მოქმედი პირი სვავს შეკითხვას, რაზეც პასუხად ღებულობს: “რა თქმა უნდა 72”. ასეთი სიზუსტით გაოგნებული შეკითხვის ავტორი ითხოვს პასუხის დასაბუთებას, რასთან დაკავშირებითაც ღებულობს არგუმენტაციას: “ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი — სემი, ქამი და იაფეტი. სემს ჰყავდა 27 ვაჟი, ქამს — 30, ხოლო იაფეტს — 15”. დღევანდელი მონაცემებით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან პასუხი მერყეობს 2500–დან 5000–მდე. არ გეკითხებით რომელ შეკითხვას მოჰყვა ზემოთხსენებული დიალოგი, უბრალოდ დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ამ მანუსკრიპტში.



კარლ საგანის რომანის “კონტაქტის” მთავარმა გმირმა ენიმ, პირველად ამის არსებობის შესახებ მე–7 კლასში შეიტყო. პატარა გოგონას წარმოდგენაში, ეს რაღაც, სტოუნჰენჯის “თაღებს” წააგავდა და მათთან ასოცირდებოდა. ამ რაღაცით ძალზედ დაინტერესებულმა ბავშვმა, სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების შეგროვებაც კი დაიწყო. არ გეკითხებით რა ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობისმოყვარე გოგონა ამ ქილებზე, უბრალოდ მითხარით რისი არსებობის შესახებ შეიტყო საგანის გმირმა მე–7 კლასში.



ეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი შეიქმნა 1929 წელს ლონდონში და მისი სახელწოდება წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა: “გამძლეობა”, “საიმედოობა”, “აღმატებულობა” (უპირატესობა). 2004 წლის 1 დეკემბერს ევროპაში გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელიც მიეძღვნა ამ სავაჭრო ნიშნის 75 წლის იუბილეს. დაასახელეთ რომელ სავაჭრო ნიშანზეა საუბარი.



ეს სიტყვა ფიგურირებს ისააკ ნიუტონის მიერ შექმნილი მექანიკური მოწყობილობის სახელწოდებაში, რომელიც ენერგიის გარდაქმნის დემონსტრირებას ახდენს და რომელიც ალბათ ბევრ თქვენთაგანს უნახავს. ეს სიტყვა აგრეთვე ფიგურირებს შტატ ვირჯინიას ოფიციალურ მეტსახელში, რომელიც მან დაიმსახურა, როგორც ამერიკის რამოდენიმე პრეზიდენტის მშობლიურმა შტატმა. ცნობილი ქართული წყაროს მიხედვით კი, ერთ–ერთი მათგანი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან და მუდმივ ჰიდროიზოლაციაში იმყოფება. არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ არსება, რომლისთვისაც ეს შეიქმნა 1963 წელს განთქმული ამერიკელის მიერ.



ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში აღმართულ ქრისტიანულ ტაძრებში ხშირად შეიძლება წარმართთა გამოსახულებებიც ვიხილოთ. მაგალითად, შარტრის ეკლესიის შესასვლელში, დონატუსის, ციცერონის, არისტოტელეს, პითაგორას, პტოლემეოსის, ევკლიდეს და ბეოციუსის გამოსახულებებია აღბეჭდილი. დაასახელეთ ის, რის პერსონიფიკაციასაც, ფრანგი ისტორიკოსის აზრით, ზემოთხსენებული ადამიანები წარმოადგენენ.



როდესაც ამ ჯგუფმა პირველად შეასრულა ეს ნაწარმოები, გაზეთებში გამოჩნდა კრიტიკოსთა გამოხმაურება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძნელია იმის დადგენა, ნამდვილად პატრიოტული გრძნობებით აღსავსენი არიან მუსიკოსები, თუ ისინი საკუთარი ჯგუფის კეთილდღეობისათვის ლოცულობენ. არ გეკითხებით ამ მუსიკალური ჯგუფის სახელწოდებას, დაასახელეთ ეს ნაწარმოები.



არისტოტელემ ამ არსებას “აკაფელესი” უწოდა, რაც ჭინჭარს ნიშნავს. პლინიუსმა კი სხვა სახელი შემოგვთავაზა “ზღვის ფილტვი”. კარლ ლინეიმ კი მას, ერთ–ერთი დის სახელი მისცა, რომელიც ამ არსებას დღემდე შემორჩა. თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, უნდა გაიხსენეთ უკანსკნელი ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა და დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელთანაც დღევანდელ სამყაროში ამ დის გამოსახულება ასოცირდება.



ასე აღწერს “იაკობის კიბეს” XII საუკუნეში მცხოვრები და მოღვაწე აბატისა — ჰერდა ლანდსბერგელი: “ანგელოზები და დემონები უსასრულო ჯაჭვივით მოძრაობენ მასზე და ხელს უშლიან ადამიანებს ზემოთ ასვლაში. ადამიანები ძირს ეცემიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ ზემოთ აბობღვას, თუმცა უშედეგოდ”. ამის შესახებ ისტორიკოსი ლე გოფი თავის წიგნში წერს, რომ ეს არის “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი…” არ გეკითხებით რა, უბრალოდ დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომლის ერთ–ერთი ნაწარმოების სათაურსაც წარმოადგენს გამოტოვებული სიტყვები.







