64-ე გვერდი



ექიმების აზრით, ეს ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და კალორიებს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად წვავს. ეს აყოვნებს სიბერის პროცესს და ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. მწერალ ტომ რობინსის აზრით, ეს არის "კაცობრიობის უდიდესი გამონაგონი". რა არის ეს?



ერთ-ერთმა გამოჩენილმა ქართველმა ხელოვანმა თავის მემუარებში დაწერა: "ის ჩემი ქმნილებაა, ჩემი შვილია. მაგრამ ამავე დროს ის ჩემი დედაა, ყოველი ჩვენთაგანის დედაა." რომელ ქმნილებაზე დაიწერა ეს სიტყვები?



იმის შემდეგ, რაც ეს ღონისძიება ჩატარდა გერმანიაში, ჰიტლერს გაუჩნდა სურვილი, რომ შემდგომში ის ჩატარებულიყო იაპონიაში. უნდა ითქვას, რომ ფიურერის სიტყვები გამართლდა და ეს ღონისძიებები ჩატარდა იაპონიაში, თანაც სამჯერ, მაგრამ, უკვე ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ. რომელ ქალაქებში მოხდა ეს?



ახლახან ამერიკაში გამოქვეყნდა "სტრესების სკალა". მისი მიხედვით უნივერსიტეტში ჩასარიცხი გამოცდებისაგან მიღებული სტრესი მხოლოდ 26-ე ადგილზეა. რომელი, ყველა ჩვენთაგანის მიერ გადატანილი სტრესი დგას ამ სიაში პირველ ადგილზე?



გამოშვებიდან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაიყიდა ამ წიგნის მილიონი ეკზემპლიარი, ხოლო მისი მიხედვით გადაღებულმა ფილმმა მიიღო უამრავი "ოსკარი". თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ხუმრობით უწოდებენ "რომანს დისტროფიკებზე". რა ეწოდება ამ წიგნს სინამდვილეში?



ძველი ჩინური მათემატიკური ამოცანა, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 27-ე საუკუნით:
გალიაში მოთავსებულია ხოხობები და კურდღლები. მათ ერთად აქვთ 35 თავი და 94 ფეხი. რამდენი ხოხობი და რამდენი კურდღელია გალიაში?



რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სადალაქოში ასეთ პლაკატს წააწყდებით:
ადმინისტრაცია პატივცემულ კლიენტებს სთხოვს, პირის პარსვის დროს ოსტატ დალაქთან ნუ ჩამოაგდებენ ლაპარაკს ორ გარკვეულ თემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია კლიენტის სახის გაჭრაზე პასუხს არ აგებს.
დაასახელეთ ეს ორი თემა, რომელზეც საუბარი ასე სახიფათოა რიო-დე-ჟანეიროში დალაქთან.



ერთმა ინგლისურმა კომპანიამ დაიწყო კომპიუტერზე მომუშავეთათვის ახალი აქსესუარის გამოშვება, რომელსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ მძღოლები. მაგრამ, თუ მძღოლებისათვის ეს აუცილებელი ატრიბუტია, კომპიუტერზე მომუშავეთათვის ეს მხოლოდ აქსესუარია, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას მუშაობისას არ მოწყდნენ თავიანთ საქმეს. რა აქსესუარია ეს?



ეს ორი ყველასათვის ცნობილი სიტყვა ფინიკიური წარმოშობისაა. ერთი ნიშნავს დასავლეთს და სიბნელეს, ხოლო მეორე აღმოსავლეთს და სინათლეს. დაასახელეთ ეს ორი სიტყვა.



არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს — მოკლე, ჯოკონდას იგი საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს?







