თბილისის 36-ე ჩემპიონატი
სუპერლიგა, IV ტური, თსუ-ს კლუბი.
თამაში გაიმართა 2008 წლის 13 აპრილს, სადაც ეს 20 შეკითხვა დაისვა:



მოისმინეთ რამოდენიმე სტრიქონი კოლაუ ნადირაძის ლექსიდან:
“თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”
ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელეთ ამ ლექსის სათაური. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ ლექსის სათაურად ავტორმა კონკრეტული თარიღი აირჩია.



არც ამ გამოჩენილ გერმანელ პილოტს და არც მის სეხნიას, გამოჩენილ ამერიკელ სპორტსმენს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყანასთან. აგრეთვე არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყანას, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი სახელად პასკუალი. ქალაქ სოლტ–ლეიკ–სიტიზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი, ვინაიდან იგი საერთოდ სხვა კონტინენტზეა განლაგებული. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ სახელმწიფოს საწელწოდება ფიგურირებს ინგლისურენოვან ვიკიპედიაში არსებულ ყველა სტატიაში, რომელიც ზემოთხსენებულ პიროვნებებს და ტოპონიმს ეძღვნება. დაასახელეთ ეს სახელმწიფო ერთი წუთის შემდეგ.



კურტ ვონეგუტი წერდა, რომ 1945 წლის ზამთარში, “სისხლიან მატჩში”, რომელიც ინგლისსა და გერმანიას შორის მიმდინარეობდა, ანგარიში ინგლისელებმა გაათანაბრეს. დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც ვონეგუტის აზრით, უშუალოდ მონაწილეობდა ზემოთხსენებულ მატჩში.



ალბათ ბევრ თქვენთაგანს უსარგებლია ამ კომპიუტერული პროგრამით, მაგრამ შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, თუ რატომ უწოდეს პროგრამას, მისმა შემქმნელებმა ეს სახელი. საქმე კი იმაშია, რომ ადამიანმა, რომლის პატივსაცემადაც პროგრამას სახელი ეწოდა, პირველ საუკუნეში მოიმოქმედა ის, ფაქტიურად რის განსახორციელებლადაც განკუთვნილია ეს პროგამა. არ გეკითხებით ამ პიროვნების ვინაობას, დაასახელეთ ზემოთხსენებული კომპიუტერული პროგრამა.



თქვენს წინაშეა ამონარიდი შტეფან ცვაიგის შემოქმედებიდან: “ის შეუჩერებლივ ვითარდება, მაგრამ სრულიად უნაყოფოა. აზრია დასკვნის გარეშე. მათემატიკაა, რომელიც არაფერს ანგარიშობს, ხელოვნებაა უნაწარმოებოდ, არქიტექტურული ნაგებობაა საშენი მასალის გარეშე. მიუხედავად ამისა, მან გაუძლო დროთა მსვლელობას უფრო უკეთ, ვიდრე ყველა წიგნმა”. ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვდეთ რა დაახასიათა ასე ავტორმა და დაასახელოთ ნაწარმოები, საიდანაც აღებულია ეს ციტატა.



ეს მეცნიერი ერთ–ერთ თავის წიგნში იხსენებს, რომ ეს კითხვა მას ბავშვობიდან აღელვებდა. როდესაც მას პირველად დაებადა ეს შეკითხვა, მშობლისგან პასუხად მიიღო, რომ ისინი — დიდ სიმაღლეზე განთავსებული ერთგვარი საყოფაცხოვრებო ნივთებია. პასუხმა ცნობისმოყვარე ბიჭუნა ვერ დააკმაყოფილა და ბავშვმა ბიბლიოთეკას მიაკითხა, სადაც მომავალმა მეცნიერმა მათ შესახებ წიგნები მოითხოვა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისგან, პატარა ბიჭუნამ წიგნების ნაცვლად ჟურნალები მიიღო, რომლებიც კლარკ გეიბლის და ჯინა ჰარლოუს სურათებით იყო აჭრელებული. თუ მიხვდით რა შეკითხვამ მიიყვანა მომავალი მეცნიერი ბიბლიოთეკაში, ადვილად დაასახელებთ მეცნიერებას, რომელშიც მოღვაწეობდა ეს მეცნიერი და შეიძლება ითქვას ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის, რომელიც მას ბავშვობიდან აღელვებდა.



დაასახელეთ “გუთების ქვეყანა”, რომლის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად შეიქმნა მას შემდეგ, რაც მეფემ ბრძოლის ველზე დაჭრილი თანამებრძოლის სისხლით დასვრილი ხელი ოქროსფერ ფარზე შეიწმინდა.



როდესაც საქმე მიდგა სახელის შერჩევამდე, მრავალი ვარიანტი განიხილებოდა. მაგალითად: არტემიდე, ჰერკულესი, პერსეფონა, პრომეთე, ზევსი და ოდინიც კი. საბოლოოდ არჩევანი ვენეცია ბერნის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე შეჩერდა, რადგან ეს სახელი მიღებულ ტრადიციასაც აგრძელებდა და ვინმე პერსიფალ ლოუელის სახელსაც უკვდავყოფდა. თუ მიხვდით ვის ან რის “ნათლობაზეა” საუბარი, დაასახელეთ სახელი, რომლითაც ის ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი.



ეს ნივთიერება 1938 წელს რურის ხეობაში აღმოაჩინეს და უკვე ერთ წელიწადში, ქიმიური თვისებების შესწავლის შემდეგ, მისი ფორმულა ვერმახტს გადაეცა. სახელწოდება ნივთიერებას, მისი აღმომჩენების — შრადერის, ამბროსის, რუდიგერის და ლინდეს პატივსაცემად ეწოდა. თქვენ კი, ძვირფასო მოაზროვნეებო, ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელოთ სატრანსპორტო საშუალება, რომლის “დახმარებითაც” უკვე ათ წელიწადზე მეტია, ამ ნივთიერების სახელწოდება მასებისათვის არის ცნობილი.



გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში, ერთ–ერთი ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში, ვინმე კარლ ჰანმა, შეკითხვაზე თუ რატომ უწოდეს “პირმშოებს” ასეთი სახელები, უპასუხა: “ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი ქმნილებები მათსავით უსულო, მაგრამ სწრაფები და მიზანმიმართულები არიან და არამგონია ბუნებაში მათზე უკეთესი ანალოგი მოიძებნებოდეს…”. მარკეტინგულმა სვლამ აშკარად გაამართლა, ვინაიდან ეს “პირმშოები” სამ ათწლეულზე მეტია, თითქმის მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულები არიან. არ გეკითხებით ვიზე ან რაზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ სახალხოდ ცნობილი კომპანია, რომლის პრეზიდენტის პოსტიც ერთ დროს ეკავა ზემოთხსენებულ კარლ ჰანს.



ქართულში ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში, ფრანგულში, ესპანურში და შესაძლოა სხვა ენებშიც, ამ სიტყვის ანალოგებს აგრეთვე რამოდენიმე მნიშვნელობა აქვთ და აღნიშნავენ იგივეს, რასაც ეს სიტყვა ქართულში. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, პირველი ხომ ნაწილობრივ მეორისგან მზადდებოდა და დღემდე მზადდება კიდეც. პირველს შეიძლება შევუსაბამოთ რიცხვითი მნიშვნელობა — 82, ხოლო მეორეს — 5,45. დაასახელეთ ეს ერთობ საინტერესო სიტყვა ერთი წუთის შემდეგ.



ამბობენ, რომ როდესაც ამ ბრიტანელმა მწერალმა წაიკითხა თავისი თანამედროვე ჰოლანდიელი მეცნიერის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად დაინტერესდა მეცნიერის აღმოჩენებით და გამოგონებით, რომ გადაწყვიტა პირადად გაეცნო უკვე ხანში შესული მეცნიერი და ენახა მისი გამოგონება. როგორც სპეციალისტები ვარაუდებონ, ზუსტად ამ გამოგონებაში დანახულმა იქონია კიდეც დიდი ზეგავლენა მის შემდგომ შემოქმედებაზე. ძვირფასო მოაზროვნეებო, არ გეკითხებით ამ ჰოლანდიელი მეცნიერის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ ბრიტანელი მწერლის სახელი და გვარი.



ერთ–ერთ თავის ესეში, კურტ ვონეგუტი ასე იხსენებს თავის ცნობილ თანამემამულეს: “შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში იმდენად გვიან ჩაებნენ, რომ ამერიკელი, რომელსაც შეეძლო მოეყოლა რეალური საბრძოლო ეპიზოდი და მითუმეტეს ომში ჭრილობა მიეღო, ძალზედ იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა ზუსტად ასეთი იყო იგი…”. შემდგომში, აგრძელებს რა ვონეგუტი ამ თანამემამულის დიდებაზე საუბარს, ადარებს მას მაღალ მწვერვალს… ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ეს მწვერვალი.



თავის ნაშრომში ისტორიკოსი კენიგსბერგერი წერს, რომ შუა საუკუნეების ადრეულ ხანაში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ფული იშვიათობა იყო. მიზეზი, ოქროსგან მონეტების ნაცვლად სხვა და სხვა სამკაულების დამზადება იყო. მეფეები ქვეშევრდომებს ფულის ნავცლად ამ სამკაულებით აჯილდოებდნენ, რომელთა მთავარი ფასეულობას მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენდა, ძირითადად მათ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ და მეფისგან ბოძებულ ძალაუფლებას განასახირებდნენ. ამის გამო ძველ სკანდინავიურ და ბრიტანულ პოეზიაში მეფეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ამ ეპითეტით.



“მე არ შევქმნი ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს. მე არ შევქმნი ფორმულას, რომელსაც შეეწირება ხალხი. მე არ შევქმნი მექანიზმს, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე”. ეს არის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის სიტყვები, რომლითაც მან მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს. თქვენ კი უნდა დაასახელოთ ავტორი იმისა, რაც შეიქმნა მრავალი საუკუნის წინ და რისი საკუთარი ინტერპრეტაციაც, ამ სიტყვებით მოახდინა ზემოთხსენებულმა მწერალმა.



ანდრეი სტავროვსკის წიგნში “პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში”, ავტორი წიგნის შესავალშივე ცდილობს მკითხველს აუხსნას პროგრამირების ანა–ბანა და იწყებს საუბარს პროგრამირების საბაზისო ცნებებზე. ამთავრებს რა ავტორი, ამ საბაზისო ცნებების გარჩევას, თვალსაჩინო მაგალითისათვის მოჰყავს ძალზედ ცნობილი “ფრთიანი გამონათქვამი”. არ გეკითხებით, რომელ ფრთიან გამონათვამზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სახელიც ფიგურირებს მასში.



ბერძნულში ის შევიდა ფინიკიურიდან, რომელშიც მისი სახელწოდება ჟღერდა, როგორც — “ლამედი”. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ის ასოცირდება საკულტო თამაშთან. იგი წარმოადგენს NATO–ს ჯარების საიდენტიფიკაციო ნიშანს. აგრეთვე ცნობილია, რომ იტალიური კომპანია “ლანჩა” ერთ დროს აწარმოებდა ამ სახელწოდების მქონე ავტომობილის მოდელს. თქვენ კი ძვირფასო მოაზროვნეებო, უნდა დაასახელოთ ძველი სახელმწიფო, რომლის მეომართა ფარებზეც ის გამოისახებოდა.



ამ სიტყვის ძიებისას კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიამ მოიძია უამრავი სტატია, რომელშიც ეს სიტყვა ფიგურირებს. სტატიები ეძღვნებოდა ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: კეიტ ჯარეტი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, იან გარბარეკი, მაილზ დევისი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია გამოჩენილ ადამიანებთან, მათ შორის მაინც აღმოჩნდა ორი სტატია, რომელიც აშშ–ს ტოპონიმიკას უკავშირდება. მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი და დაასახელეთ ეს ორი ტოპონიმი ერთი წუთის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ერთი არის ქალაქი, მეორე კი — შტატია.



იგი დაიბაა 1989 წლის 23 ინვლისს, ხოლო მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1999 წელს ფილმით “დევიდ კოპერფილდი”, სადაც მან პატარა კოპერფილდის როლი განასახიერა. 2007 წლის თებერვალში, ინგლისელი დრამატურგის პიტერ შეფერის პიესის მიხედვით დადგმული სპეკტაკლის ერთ–ერთ ეპიზოდში მას შიშვლად მოუწია როლის განსახიერება. რა თქმა უნდა ამ დადგმის ფოტოსურათები მალევე გავრცელდა პრესაში, რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილება უფროსი თაობის მხრიდან. არ გეკითხებით ამ მსახიობის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ სახელი და გვარი, რომელიც ფიგურირებდა გაზეთ “სანდეი თაიმსში” დაბეჭდილი სტატიის სათაურში, რომელიც მიეძღვნა ზემოთხსენებულ მოვლენებს.



როგორც ცნობილია, ინკვიზიცია მიზნის მისაღწევად წამების უამრავ იარაღს იყენება. ძირითადად ინკვიზიტორები მიზანს, ადამიანისათვის აუტანელი ფიზიკური ტკივილის მინიჭებით აღწევდნენ. მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ინკვიზიციას, არსენალში ბევრად “ჰუმანური” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო ეფექტური იარაღიც ჰქონდა. თუ ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ამ იარაღის ზემოქმედების სამი დღის შემდეგ, ადამიანი კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ — თანახმა იყო ყველაფერი ეღიარებინა. თქვენ კი უნდა დაასახელოთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ასეთ ტანჯვას თითქმის სამი წელი უძლებდა.







