თბილისის 37-ე ჩემპიონატი
I ლიგა, I ტური.
თამაში გაიმართა 2008 წლის 12 ოქტომბერს, სადაც ეს 14 შეკითხვა დაისვა:



ევროპაში მდებარე ერთი ნახევრადდანგრეული ნაგებობიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ქვები საშენ მასალად. ამ ვანდალიზმის აღკვეთა რომის პაპმა ბენედიქტ XIV მხოლოდ მე–18 საუკუნეში მოახერხა. მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც აღიარებდა ამ ადგილს წმინდად, რადგან აქ უამრავი ქრისტიანი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ ეს ნაგებობა!



1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?



იმისათვის, რომ ტროას ომში არ წასულიყო, ოდისევსმა სიგიჟე მოიგონა. დაიწყო მიწის ხვნა და ხნულებში მარილის თესვა. ტყუილში იგი ევბეის მეფე პალამედემ ამხილა. მან ნაპირიდან მე-10 ხნულში მისი შვილი, ტელემაქე ჩააწვინა და ამით მან არამარტო ოდისევსის ტყუილი გამოააშკარავა, არამედ იწინასწარმეტყველა… რა იწინასწარმეტყველა ევბეის მეფე პალამედემ?



2006 წელს გაზეთ „აჭარა“–ში გამოქვეყნდა ტესტი, რომელიც მაგალითისათვის შეიცავდა შემდეგ კითხვებს:
— გიყვარდათ თუ არა ბავშვობაში თანატოლთათვის ფეხის დადება?
— მიგაჩნიათ თუ არა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ არსებობს არასაკმარისი თანხა?
— გიყვართ ზღაპრების მოყოლა?
— შეგიძლაით თუ არა დიდხანს, გამართულად და გაუგებრად საუბარი?
კითხვა: დამისახელეთ ამ ტესტის სათაური! (აზრობრივად)



მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცუდ განწყობასთან ასოცირდება, ამ 156 მ სიგრძის ნაგებობას ხალხი საკუთარი სურვილების აღსრულებასთან აკავშირებს და ერთობ გამორჩეული ფორმით ითხოვენ მისგან წადილის შესრულებას. აზიის რომელ ქალაქშია განლაგებული ეს ნაგებობა?



ძველად არსებობდა მეომართა კატეგორია, რომელიც მათი იარაღის მიხედვით სლინგერებად იწოდება. ქართველ მეომრებს იგივე იარაღის ეფექტურად გამოყენებისათვის საგანგებო აბგა-ჯიბეები ჰქონდათ, რომელთაც ტავარჯუხები ეწოდებოდათ. რის გადატანას აადვილებდნენ ტავარჯუხები მეომართათვის?



არგეტინაში გამგზავრებული სებასტიან კაბოტის ექსპედიცია პარაგვაის მიმარტულებით მიიწევდა კონტინენტის სიღრმეში. გზად შემხვედრმა ინდიელებმა ექსპედიციის წევრებს ლითონისგან დამზადებული სამკაულები აჩუქეს. ამ სამკაულების მიხედვით კაბოტმა სახელი მისცა მათ მიერ განვლილ საწყლოსნო გზას. რა უწოდა სებასტიან კაბოტის ექსპედიციამ განვლილ საწყლოსნო გზას?



მას 9-ჯერ უთხრეს „აღარასოდეს“, ბოლოს კი თვითონაც ასე ამთავრებს. უსაზღვროა კაცის ფანტაზია, მითუმეტეს თუ კოკაინის ზემოქმედებისას ეწევი შემოქმედებით საქმიანობას. თქვენი ამოცანაა მიხვდეთ თუ ვის უთხრა ათენას ბიუსტზე შემომჯდარმა შავმა არსებამ 9-ჯერ სიტყვა — „აღარასოდეს“…



ამის რამდენიმე სახეობა არსებობს: კოპტური, იერუსალიმური, ბერძნული, ლათინური და სხვ. არის კიდევ ორი წმინდანი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ამის კიდევ 2 სახეობა. ერთი ქართველთათვის კარგად ცნობილია, მეორე კი ცნობილია უფრო იმათთვის, ვინც დაინტერესებულია ვექსილოლოგიით. დაასახელეთ ეს ორი წმინდანი!



ერთხელ ზევსმა იხმო ხელოვანი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ათენამ ამ ქალს უზადო ხელსაქმე ასწავლა, აფროდიტემ მაცდურობა და მომხიბვლელობა მიანიჭა, ჰერმესისგან მან მზაკვრული ხასიათი და დარწმუნების ძალა მიიღო. შემოსეს იგი ზღაპრული ოქროცურვილით, შეამკეს ყვავილებით და ყველასგან დასაჩუქრებული უწოდეს. სინამდვილეში ის ზევსის შურისძიების იარაღი უნდა ყოფილიყო. კითხვა: როგორ ჟღერს ბერძნულად „ყველასგან დასაჩუქრებული“? (ერთი სიტყვა)



ავსტრალიური მითი მოგვითხრობს. თავიდან ცა და მიწა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ხეები ვერ იზრდებოდნენ და ადამიანებიც მიწაზე გართხმულნი დახოხავდნენ. გამოჩნდა ერთი ბრძენკაცი, მან კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა ცას შეუდგა და ცა მაღა აისროლა. ადამიანებიც წამოდგნენ და ხეებმაც იწყეს ზრდა. მაგრამ კვერთხმა ცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ფორმა იცვალა, ასე გაჩნდა პირველი… რა?



იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა (ორი სიტყვა)?



არგენტინის დედაქალაქის რთულად წარმოსათქმელი გრძელი სახელი შემდეგნარიად ითარგმნება, ქალაქი წმინდა სამების და პორტი ღვთისმშობლის წმინდა ქალწული მარიამის, რომელიც მფარველობს ”ბუენოს აირესს”. კითხვა: რის მფარველად გამოაცხადეს ღვთისმშობელი ექსპედიციის წევრებმა, თუკი დავამატებთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბუენოს აირესი კარგ ჰაერს ნიშნავს!



კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა, საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს — „ცივის“. იყო ცალკე ადგილი იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა, რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?







